დავითაშვილი: საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ ყველა იფუნქციონირებს

645

ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას და მეორეს მხრივ ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას.

„ეს არის პირობები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს. ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა. ეს მოთხოვნები ეხება როგორც მიკვლვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ მდგომარეობას, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად შესრულებას, თერმოსკრინინგს და იმ მოთხოვნებს რომელიც გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვემო-ქართლის რეგიონში მომხდარ უთანხმოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოხდა დაკავშირება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის და სპეციალური ფორმატის მოწყობა საბითუმო ბაზრის სახით მარნეულის მუნიციპალიტეტში.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება. 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.