ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლისთვის 10 მაისს გაიხსნება

703

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის 10 მაისიდან გაიხსნება, – ლაივპრესს უთხრა “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” ხელმღვანელმა. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რეკრეაციული ზონები, მათ შორის ბოტანიკური ბაღები ერთ კვირაში უნდა გაიხსნას. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ დამძიმდა.

“როგორც რეკომენდაციაშია. თუ რამე არ შეიცვალა, ჯერჯერობით ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ”, – გვითხრა ზვიად ქარჩავამ.

ბაღი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო 23 მარტს დაიხურა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.