გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც ისინი ამბობენ, ბაზარი ღია ტიპისაა და მათთვის გაუგებარია, რატომ არ ეძლევათ ვაჭრობის საშუალება.
მოვაჭრეების განცხადებით, ადმინისტრაცია ბაზარს ვერ ხსნის, რადგან შიშობენ, რომ დაჯარიმდებიან.
აქციის მონაწილეები ბაზრის გახსნას დ ვაჭრობის უფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებსა და გზის გადაკეტვას გეგმავენ.
ბაზრების მიმდებარედ გარევაჭრობას მუნიციპალური ინსპექცია აკონტროლებს. საგანგებო მდგომარეობის დროს ვაჭრობის შემთხვევაში დარღვევა 3 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თბილისის აგრარული ბაზრები 7 აპრილს დაიკეტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.