რუსთავში, ე.წ. სტამბოლის აგრარული ბაზარი რამდენიმე დღეში გაიხსნება

462

წინა სტატია

შემდეგი სტატია

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ღია აგრარული ბაზარი რამდენიმე დღეში გაიხსნება. როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ბაზრის ფუნქციონირების აღდგენა ეტაპობრივად რამდენიმე დღეში მოხდება. ტაბაღუას განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მოვაჭრეები ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ დადგენილ ნორმებსა და რეკომენციებს ზედმიწევნით შეასრულებენ.

„ბაზრის ადმინისტრაციის და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ფუნქციონირების აღდგენა, ოღონდ ისე, რომ არ დავაზიანოთ როგორც საკუთარი, ისე მოქალაქეების ჯანმრთელობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ადგილზეც მოხდა გადამოწმება, იქ არ იყო ისეთი სახარბიელო მდგომარეობა, რომელიც მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ დღევანდელი რეგულაციებიდან გამომდინარე, ყოფილიყო შესაძლებელი ბაზრის გახსნა. ბაზრის ადმინისტრაციამ დღეს უკვე ის ვალდებულება და რეკომენდაციები, რაც იყო გაცემული ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ გაითვალისწინა, ველოდებით ნებართვას სურსათის უვნებლობის სამსახურიდან“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეებმა დღეს აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა ბაზრობის გახსნაა. ისინი რუსთავის მერიას სპეციალური საშვის გაცემასაც სთხოვენ, იმისათვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შესაძენად სხვა რეგიონებსა და ქალაქებში გადაადგილება შეძლონ.

შეგახსენებთ, 24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო.  27 აპრილიდან აღდგა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა   განაცხადა, რომ “ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული”.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.