რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონიტორინგის მიზნით, ქალაქის მერი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩებზე, ასევე მეგობრობის გამზირზე, მოქალაქეთა მომსახურების ახალ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ადგილზე გაცნობა და ამ მონიტორინგს, სისტემატურად ვახორციელებთ. აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მშენებლობა, რომელიც მალე დასრულდება და მოგვცემს საშუალებას, მოქალაქეებზე კიდევ უფრო ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტური სერვისები განვახორციელოთ. ასევე მიმდინარეობს გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია, ეს მოსახლეობის ძალიან დიდი ხნის თხოვნა იყო. აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ძალიან მალე, ბეტონის საფარს დაგება დაიწყება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთავში გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ, გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„პროექტით გათვალისწინებულია ბორდიურების, სანიაღვრე სისტემისა და ბეტონის საფარის დაგება. მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მეგობრობის გამზირზე, მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი შენდება. მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერიამ რეფორმა, მიმდინარე წელს დაიწყო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კი სწორედ ყველა სერვისის ერთ სივრცეში მოქცევას, მოქალაქეებისთვის კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.