მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულებს კვლევაში მონაწილეობისთვის იწვევს

12
Cropped image of businessman's hands covering paper team on wooden table

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულებს მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ანონიმურ კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს მათი უფლებების დაცვასა და სამუშაო გამოცდილების უკეთ გააზრებას. კვლევა ტარდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში – რუსთავში, გორში, ნინოწმინდში, ხარაგაულსა და ოზურგეთში და მისი ამოცანაა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა გამოცდილებისა და საჭიროებების უკეთ გაგება.

კვლევაში მონაწილე ბენეფიციარების ანონიმურობა დაცულია, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას. ბენეფიციარებს შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება სრულიად უსაფრთხოდ, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

კვლევის მეშვეობით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანები შეძლებენ, საკუთარი გამოცდილება გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუტებს გაუზიარონ. შედეგად, მათი ხმა არსებული პროგრამის განვითარებისა და ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება.

კვლევა ტარდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (EWMI) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – “საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო ქვეპროგრამის გავლენა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პროცესებზე” – ფარგლებში. ის მიზნად ისახავს, შეისწავლოს, რამდენად ეფექტურად ემსახურება პროგრამა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე; გამოავლინოს პროგრამის ძირითადი ხარვეზები, საჭიროებები და შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებიც პროგრამის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.