რუსთავის მერია სამეურნეო საქმიანობისთვის გადაადგილების მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

1368

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების, მოვლა-პატრონობის მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტიდან გადაადგილების მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ცნობის მისაღებად მოქალაქეებმა რუსთავის მუნიციპალიტეტს  უნდა მიმართონ.

“იმისთვის, რომ მიიღოთ ცნობა და შეძლოთ გადაადგილება, საჭიროა, მუნიციპალიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე rustavi.municipality@rustavi.gov.ge გადმოგზავნილ იქნას განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. დანართი N1, დანართი N2)

განაცხადს უნდა დაურთოთ:

მიწის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი
• ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
• ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულება

იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არის იურიდიული პირის საკუთრებაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

იურიდიული პირის მიერ, გადაადგილების მსურველ პირზე გაცემული ცნობა, მასზედ, რომ აღნიშნული პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას იურიდიული პირის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

1. გადაადგილების მსურველი პირის პირადობის მოწმობის ასლი
2. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი
3. მძღოლის პირადობის მოწმობის ასლი (ფოტო)

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად მგზავრთა (თანამშრომელთა) სპეციალური გადაყვანის მარშრუტის შესათანხმებლად, დაინტერესებულმა პირებმა მუნიციპალიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე- rustavi.municipality@rustavi.gov.ge უნდა გადმოაგზავნონ განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. დანართი N1, დანართი N2)

განაცხადს უნდა დაურთოთ:

1. დაინტერესებული პირის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი
2. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გახსნან ქვემოთ მიმაგრებული ბმული და შეავსონ დანართების სახით ატვირთული განაცხადის ფორმები!”-ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.