რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ღია ტიპის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყო

704

წინა სტატია

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ღია ტიპის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დღეს დილიდან დაიწყო. ადგილზე არსებულ სიტუაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი ეცნობიან.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ფასები ოდნავ მომატებულია, თუმცა ფასების მატება პროდუქციის გარკვეულმა დეფიციტმა შექმნა.

„ყველა რეკომენდაცია დაცულია ტერიტორიაზე შესვლით დაწყებული, თერმოსკრინინგი, ნიღბები და დისტანცირებით დამთავრებული. გარკვეულ პროდუქტზე უამინდობიდან გამომდინარე დეფიციტია. გუშინაც ვამბობდი, რომ მარნეულიდან 75 ტონა კიტრი გამოვიდა, მოთხოვნა კი 100 ტონაზე იყო და ამან და უამინდობამაც შექმნა გარკვეული დეფიციტი. ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი პროდუქცია შემოვა მარნეულიდან და ბოლნისიდან და ფასებიც დაიკლებს”, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ბაზრობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს, მოხდა მოვაჭრეების პირბადეებით უზრუნველყოფა, ასევე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.

„მომხმარებლები იცავენ წესებს, რაც ძალიან კარგია და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. არის შენიშვნები მოვაჭრეებთან დაკავშირებით და იმედი მაქვს ამას ბაზრის ადმინისტრაცია მიხედავს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ცნობისთვის, გუშინ ღია აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს, ისინი სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას და ბაზრის გახსნას ითხოვდნენ.

ბაზრების მიმდებარედ გარევაჭრობას მუნიციპალური ინსპექცია აკონტროლებს. საგანგებო მდგომარეობის დროს ვაჭრობის შემთხვევაში დარღვევა 3 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო.  27 აპრილიდან აღდგა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.