რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი გაიხსნა

428

რუსთავში კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა, ახალ სკვერში დღეს საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩის #11 და #13 საცხოვრებელი კორპუსებთან, მულტიფუნქციური სკვერი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო.

“ცენტრალური ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების განახლებასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, შიდასაუბნო სივრცეების მოწესრიგებაცაა. ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და გამწვანება, ეს მოსახლეობის მოთხოვნაა და ჩვენ ვცდილობთ, სწორედ მოსახლეობასთან ერთად განვახორციელოთ სწორედ ისეთი პროექტები, როგორიც დღეს ეს ახალი სივრცეა, სადაც ძალიან კარგი განწყობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია შიდასაუბნო სივრცეების განვითარება” , – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მესხიშვილის ქუჩაზე მულტიფუნქციურ სკვერში 5737 კვადრატულ მეტრ ფართობზე საფეხმავლო ბილიკები, მწვანე და სარწყავი სისტემები, დასასვენებელი ზონები, განათების ქსელი, დეკორატიული ღობე, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეა მოწყობილი.

ვანდალიზმის ფაქტების თავიდან არიდების მიზნით, სკვერში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერებიც. მიმდინარე წელს, რუსთავში 15 ახალი შიდასაუბნო სკვერი მოეწყო.