რუსთავის მერი: მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემა გადაიჭრას

618

რუსთავის მერია, ძველ კორპუსებზე სამშენებლო ჩარევის ნებართვებს აღარ გასცემს, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გუშინ, რუსთაველის ქუჩაზე შენობის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე შეიქმნა.

„იმის მიუხედავად, რომ არქიტექტურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში, უკვე გამკაცრებული გვქონდა მიდგომები, მიმდინარე საკითხები კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით იქნება განხილული. ამასთან მივიღეთ გადაწყვეტილება და ძველ კორპუსებში მოსახლეობის მხრიდან სამშენებლო ჩარევის ახალი საკითხების განხილვა რუსთავის არქიტექტურის სამსახურში აღარ მოხდება“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერმა, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემა გადაიჭრას.

,,ყველაზე მთავარია, რომ გუშინდელ შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და ადამიანის მძიმე დაზიანება, მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ავარიული კორპუსების პრობლემა გადაიჭრას. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გუშინ ღამითვე შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომ უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვიმოქმედოთ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია მსხვერპლი და ადამიანის მძიმე დაზიანება. 19 ოჯახი, კორპუსიდან სრულადაა გამოყვანილი, მათგან რამდენიმე ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა სასტუმროში გადავიყვანეთ. დღესვე ვაპირებ მათთან შეხვედრას და საუბარს, სამომავლოდ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, – განაცხადა რუსთავის მერმა.

ნინო ლაცაბიძემ, სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომლებმაც ჩვენი ერთი თანამოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს ნანგრევებიდან. მათი ეფექტური მუშაობა, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში მოხდა ტერიტორიის გაწმენდა. რაც შეეხება ზარალს, მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის და შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, როგორც ზარალის ოდენობა, ასევე კორპუსის მდგომარეობა. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, დაველოდოთ გამოძიებას და კომპეტენტური ადამიანები ზუსტად გვეტყვიან, თუ რა იყო ნგრევის მიზეზი. ჩვენი გუნდის წევრები არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, საპროექტო დოკუმენტაცია, რაც ჩვენი სამსახურის მხრიდან უნდა გაკეთებულიყო, კანონის და სამშენებლო რეგულაციების აბსოლუტური დაცვით არის შედგენილი“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის თქმით, დღეს საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი განიხილება, მან იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლობითი ორგანო, რუსთაველების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, ბიუჯეტის მიღებას მხარს დაუჭერს და სიტუაციას არ გაართულებს.