მუნიციპალური ორგანოები სოციალურად დაუცველების საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შესახებ მონაცემებს მალავენ

305
Life and health insurance policy concept idea. Finance and insurance.

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო პროგრამად. მუნიციპალური ორგანოებიდან ინფორმაციის მიღების არაერთმა მცდელობამ ცხადყო, რომ პროგრამასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მონაცემები დახურული და ხელმიუწვდომელია.

მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს ხუთ მუნიციპალიტეტში – რუსთავში, ნინოწმინდაში, გორში, ხარაგაულსა და ოზურგეთში აწარმოებს. ორგანიზაციამ აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიებს არაერთხელ მიმართა მოთხოვნით, მიეწოდებინათ პროგრამის ფარგლებში მათ უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. კერძოდ, მუნიციპალიტეტში შექმნილი ვაკანსიებისა და დასაქმებულთა რაოდენობა დასაქმების ადგილისა და ხანგრძლივობის მითითებით, ბენეფიციარებთან გაფორმებული ხელშეკრულების ნიმუში, სამუშაოს აღრიცხვის ფორმა, დასაქმების სააგენტოში გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა ბენეფიციარების მიერ ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე, კრიტერიუმები, რომელსაც მუნიციპალური ორგანოები ეყრდნობიან ვაკანსიის შექმნისას და ა.შ.

სამწუხაროდ, ხუთი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთმა – ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გაასაჯაროვა მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად, სხვა მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი, უმეტესად, ზოგადი და არასრულყოფილია.

განსაკუთრებით გამოვყოფთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც დამალა მოთხოვნილი ყველა მონაცემი და ორგანიზაციას მიუთითა, რომ მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან და უფრო მეტიც – არაუფლებამოსილი ორგანიზაციიდან – სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოეთხოვა.

ხუთი მუნიციპალიტეტიდან სამმა, ასევე, განაცხადა, რომ ბენეფიციარებთან გაფორმებული ხელშეკრულების ნიმუში, სამუშაო აღრიცხვისა და სამუშაო დროის ხანგრძლივობის ფორმა დაინტერესებულმა ორგანიზაციამ ჯანდაცვის სამინისტროსგან, ან მის დაქვემდებარებაში მყოფი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსგან უნდა მიიღოს.

გარდა ამისა, მერიებიდან მიღებული ინფორმაციებით, ნათელი გახდა, რომ მათ არ აქვთ შემუშავებული კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ქმნიან ვაკანსიებს და ასაქმებენ ბენეფიციარებს. მუნიციპალიტეტები წერენ, რომ ვაკანსიების შექმნისას „ხელმძღვანელობენ მუნიციპალიტეტისა და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე“.

რა წერია დადგენილებაში და რა ვალდებულებები აქვთ მუნიციპალიტეტებს?

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და მასში ჩართული აქტორების უფლება-მოვალეობებიც, ყოველწლიურად, მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილებით განისაზღვრება. ჯანდაცვის სამინისტრო, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტო, შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები თუ ა(ა)იპები – დადგენილებით, ყველა ეს უწყება უნდა ზრუნავდეს სოციალურად დაუცველი ადამიანების საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების, მათი პირობების გაუმჯობესების, საბოლოოდ კი, ამ ხალხის ღია შრომის ბაზარზე საკუთარი ადგილის მოპოვებაზე.

როგორც ხედავთ, ამ, ერთი შეხედვით, პატარა პროგრამას უგრძელესი სახელმწიფო ხელი მართავს, თუმცა, ამჯერად, ჩვენ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებებსა და იმ ხუთ მუნიციპალიტეტზე შევჩერდებით, რომლის მონიტორინგსაც მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი ახორციელებს.

როგორც სამწლიანი პრაქტიკა აჩვენებს, სოცდაუცველთა ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებია. დადგენილებით, მუნიციპალიტეტებმა უნდა შექმნან საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიები და განსაზღვრონ სამუშაოს ხანგრძლივობა, გასაუბრების გზით შეარჩიონ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გაგზავნილი ბენეფიციარები და ამავე სააგენტოსთან ერთად, გაუფორმონ მათ ხელშეკრულება, დაურიგონ პროგრამით გამოყოფილი შესაბამისი ეკიპირება, ყოველდღიური მონიტორინგი გაუწიონ შესრულებულ სამუშაოს და აწარმოონ სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელი. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით გასცემს სააგენტო სოციალურ გასაცემელს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტები ერთპიროვნულად არიან პასუხისმგებლები ინფორმაციის სისწორეზე, ხოლო უზუსტობის შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან, პროგრამაში ჩართულ პირებზე გაცემული თანხა უკან დააბრუნონ. მუნიციპალიტეტებივე არიან პასუხისმგებლები, რომ ბენეფიციარის მიერ სამუშაოს არაკეთილსინდისიერად შესრულების შესახებ დასაქმების სააგენტოს შეატყობინონ.

სწორედ ეს ინფორმაცია მოითხოვა მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრმა რუსთავის, გორის, ნინოწმინდის, ხარაგაულისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიებისგან, ანუ ის, რაც, დადგენილებით, მათი პირდაპირი უფლებამოსილებაა და ამ უფლებამოსილების გადატანა რომელიმე სხვა უწყებაზე პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და ინფორმაციის მიზანმიმართული დამალვაა.

რამდენი სოცდაუცველი დაასაქმეს და რა ინფორმაცია დამალეს მუნიციპალიტეტებმა? – მივყვეთ თანმიმდევრობით

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ხუთ მუნიციპალიტეტს შორის ყველაზე დახურული და როგორც აღმოჩნდა, არაკომპეტენტურიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტია. ოზურგეთის მერიამ, გარდა იმისა, რომ სრულად დაარღვია საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, უარი თქვა, გაესაჯაროებინა, რამდენი ვაკანსია შექმნა მუნიციპალიტეტში 2022, 2023 და 2024 წლებში და რა პოზიციებზე. ასევე, უარი თქვა, გაემჟღავნებინა ამ ვაკანსიებზე დასაქმებულ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და დასაქმების ადგილები. უფრო მეტიც, ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად მერიამ არაუფლებამოსილ პირთან – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გადაგვამისამართა, მაშინ, როცა, დადგენილებით, მუნიციპალიტეტში ვაკანსიების შექმნა სწორედ მისი ვალდებულებაა. ჩვენ მიერ მოპოვებული წყაროებით, ოზურგეთის მუნიციპალურ დაწესებულებებში ასობით ადამიანია დასაქმებული, მუნიციპალიტეტი კი მათ მონაცემებს მალავს.

მერიამ, ასევე, დამალა ბენეფიციარებთან გაფორმებული ხელშეკრულების ნიმუში, სამუშაოს აღრიცხვის ფორმა, დასაქმების სააგენტოში გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა ბენეფიციარების მიერ ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე და ის კრიტერიუმები, რომელსაც ეყრდნობა ვაკანსიის შექმნისას. მერიამ პასუხში მიუთითა, რომ ვინაიდან სოციალური ხელშეკრულების, სამუშაოსა და დროის აღრიცხვის ფორმებს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს, ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია ამ უწყებიდან უნდა გამოითხოვოს.

გორის მუნიციპალიტეტი

ამ მუნიციპალიტეტში, 2022-2024 წლებში, მერიამ, ჯამურად, 359 ვაკანსია შექმნა, თუმცა, ყველა ამ ვაკანსიაზე დაასაქმა თუ არა ბენეფიციარები, უწყებამ ინფორმაცია არ გასცა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი შექმნილი ვაკანსიებისა და აქ დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას წლების მიხედვით ითხოვდა, მერიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მონაცემები მხოლოდ ნაწილობრივ გაასაჯაროვა.

უწყების მიერ გამოგზავნილი პასუხიდან ცნობილი ხდება, რომ, ყველაზე მეტი – 182 ვაკანსია მერიამ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში შექმნა; 107 ვაკანსიაა შექმნილი კეთილმოწყობის სააგენტოში;  სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურში – 44 ვაკანსია, ხოლო ყველაზე ცოტა, 26 ვაკანსია – კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში.

რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ვაკანსიების შექმნისას? – მერია ამაზე დუმს. შესაბამისად, რატომ შეიქმნა ეს ვაკანსიები სწორედ იმ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, რომელსაც მერია უთითებს, ანდა იყო თუ არა ნამდვილად საჭირო, მაგალითად, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში 182 ვაკანსიის შექმნა, როცა ამ დაწესებულებაში მუნიციპალიტეტის მიერ ისედაც არიან დასაქმებული საჯარო მოხელეები, ამის დადგენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე, არ გაასაჯაროვა ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულება, სამუშაოსა და დროის აღრიცხვის ფორმა და არც ის, თუ რამდენი შეტყობინება გააგზავნა მან დასაქმების სააგენტოში ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე და მიუთითა, რომ ვინაიდან ეს ნიმუშები დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ შეიმუშავა, დაინტერესებულმა პირმა ინფორმაციის მისაღებად მას უნდა მიმართოს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

როგორც ნინოწმინდის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, 2022-2024 წლებში მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე სულ 454 ვაკანსია შექმნა და ამდენივე სოციალურად დაუცველი დაასაქმა. 2022 წელს მუნიციპალიტეტში 103 ვაკანსია შეიქმნა და ამდენივე ბენეფიციარი დასაქმდა, 2023 წელს ეს რაოდენობა 185-მდე გაიზარდა, ხოლო 2024 წელს 166-მდე შემცირდა.

მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრმა ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელ მუნიციპალურ უწყებებში, რა პოზიციებზე და რა ვადით არიან დასაქმებული პროგრამაში ჩართული ადამიანები – მერიამ ეს მონაცემი არ გაასაჯაროვა, თუმცა, აღნიშნა, რომ ვაკანსიის შექმნისას საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. კონკრეტულად, რით დგინდება ეს „საზოგადოებრივი საჭიროება“, მუნიციპალიტეტს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

როგორც ირკვევა, ჯამში, 2022-2024 წლებში, დასაქმების სააგენტოს მერიამ ორი შეტყობინება გაუგზავნა. პირველი ეხებოდა პირადი განცხადების საფუძველზე სოციალური ხელშეკრულების შეწყვეტას, ხოლო მეორე – ერთი თვის განმავლობაში ბენეფიციარის საზოგადოებრივ სამუშაოზე გამოუცხადებლობას.

უწყებამ, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, არ გაასაჯაროვა სოციალური ხელშეკრულებისა და სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმები და მანაც მიუთითა, რომ ეს ინფორმაცია ორგანიზაციამ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსგან უნდა მოიპოვოს.

რუსთავის მუნიციპალიტეტი

საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა არ ისურვა არც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და გასაჯაროებული ინფორმაციაც მხოლოდ მიახლოებითი მონაცემია და არა – ზუსტი რიცხვები. მისი ცნობით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, რუსთავში 400-მდე ვაკანსია შეიქმნა, თუმცა, დასაქმდა მხოლოდ 140-მდე ადამიანი.

უწყებამ უარი თქვა, გაესაჯაროებინა, 2022, 2023 და 2024 წლებში კონკრეტულად რომელ საქვეუწყებო ორგანიზაციებში შექმნა ვაკანსიები, რომელ პოზიციაზე რამდენი ბენეფიციარი დაასაქმა და რა დროით. ცხადია, არ დაუზუსტებია არც კრიტერიუმები, რის საფუძველზეც შეიქმნა სოციალური ვაკანსიები მუნიციპალიტეტში. მან, ასევე, უარი თქვა, მოეწოდებინა ხელშეკრულებისა და სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმები, ისევე, როგორც ინფორმაცია, თუ რამდენი შეტყობინება გაუგზავნა დასაქმების სააგენტოს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

ერთადერთი, რაც მერიამ სრულად გასცა, არის დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია. როგორც ირკვევა, ბენეფიციარებს შეუძლიათ, იმუშაონ 4 დღეში ერთხელ 24-საათიანი გრაფიკით, კვირაში 5 სამუშაო დღე სტანდარტული 5-8 საათიანი გრაფიკით, კვირაში 7 არასრული სამუშაო დღე არასტანდარტული 3-4 საათიანი გრაფიკით, მოქნილი სრული განაკვეთის შემთხვევაში კი, კვირაში 4-5 სამუშაო დღე 8-საათიანი გრაფიკით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ეს მუნიციპალიტეტი ერთადერთია, რომელმაც მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრს მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი სრულად მიაწოდა, მათ შორის, ბენეფიციარებთან გაფორმებული სოციალური ხელშეკრულების ნიმუში და სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაც.

ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, 2022 წელს 7 მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში გამოცხადდა 1159 ვაკანსია და დასაქმდა ამდენივე სოციალურად დაუცველი პირი. 2023 წელს ამ რაოდენობას კიდევ 302 ვაკანსია დაემატა და, ჯამში, 1461 ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება 2024 წელს, უწყების ცნობით, მას ამ წელს ახალი ვაკანსიები არ შეუქმნია და 2022-23 წლებში დასაქმებულ პირებს ხელშეკრულებები გაუგრძელა. თუმცა, როგორც ჩანს, არა ყველას – როგორც მერია იტყობინება, წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე მხოლოდ 1282 პირია დასაქმებული.

რაც შეეხება სამუშაო დროის ხანგრძლივობას, როგორც მერია წერს, ის განსაზღვრულია ინდივიდუალურად და ასახულია ბენეფიციარებთან გაფორმებულ სოციალურ ხელშეკრულებებში.

როგორც მერიის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციიდან ირკვევა, სოციალურად დაუცველები დასაქმებულები არიან სათნოების სახლში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრში, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებასა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში. შვიდივე ეს ორგანიზაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ქვემდებარე ა(ა)იპ-ია, რომლებსაც, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებულების გარდა, მუნიციპალიტეტის მიერ დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებიც მუშაობენ.

სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ხარაგაულის მერიის პასუხიც, თუ რა კრიტერიუმებს ეყრდნობა ვაკანსიის შექმნის დროს, ზოგადი აღმოჩნდა. მერია წერს, რომ ის ვაკანსიებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე ქმნის, თუმცა, რას ეყრდნობა ეს საჭიროებები (მაგალითად, მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიას, ანდა პრიორიტეტების დოკუმენტს), მერიას არ დაუკონკრეტებია.

რა რისკებს ქმნის ინფორმაციის დამალვა და პროგრამის გაუმჭვირვალობა?

რატომ არ ასაჯაროებენ მუნიციპალიტეტები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და მონაცემებს და რატომ რჩება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე დახურულ პროგრამად? მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვახტანგ ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ინფორმაციის დამალვა და, ზოგადად, ამ პროგრამის გაუმჭვირვალობა კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მას პოლიტიკური მიზნით იყენებს.

“ინფორმაციის დახურულობის გამო შეუძლებელია პროგრამის სრულფასოვანი შეფასება და მისი გაუმჯობესება. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, როგორ და როგორი სამუშაო ადგილები იქმნება მუნიციპალიტეტებში და სრულდება თუ არა ის მიზანი, რომელიც ამ პროგრამას აქვს. არ გვაქვს ინფორმაცია არც იმაზე, გამოიყენება თუ არა ეს პროგრამა არამიზნობრივად. პროგრამის დაწყებიდან დღემდე ხშირად არის ლაპარაკი იმაზე, რომ პროგრამა პოლიტიკური კორუფციის რისკებს შეიცავს, ინფორმაციის დახურულობა კი ასეთ ეჭვებს, ცხადია, ამძაფრებს”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა გაისადაც გაგრძელდება. ისევე, როგორც წელს, მომდევნო წელსაც საქართველოში არჩევნები ტარდება, ამჯერად, ადგილობრივი თვითმმართველობის. მუნიციპალური დემოკრატიის ცენტრში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ამ პროგრამას მეტი საზოგადოებრივი ყურადღება დაეთმოს იმისათვის, რომ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის – სოციალურად დაუცველთა პოლიტიკური მიზნით გამოყენების რისკი შემცირდეს და პროგრამამ მართლაც შეასრულოს ის მიზანი, რისთვისაც შეიქმნა – დაეხმაროს ადამიანებს სიღარიბის დაძლევასა და ღია შრომის ბაზარზე დასაქმებაში.

სტატია მოამზადა მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრის მიერ, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი. ის, შესაძლოა, არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.