ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩა სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

835

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, დღეს, სპეციალური ხსნარით, თამარ მეფის ქუჩა მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ.

ზუგდიდში სადეზინფექციო ხსნარით 10-მდე ქუჩა უკვე მოირეცხა და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

სადეზინფექციო სამუშაოებს ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“, ა(ა)იპ „ზუგდიდასუფთავების ცენტრი “ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, აგრარულ ბაზრებს, მიწისქვეშა გადასასვლელებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებსა და ღია სივრცეებს ჩაუტარდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.