დღეს, 27 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოძრავი N1 სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ზაურ დარგალს შევხდნენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სამსახურის გარეშე დარჩენილი მძღოლები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალის წყარო სატრანსპორტო ხაზიდან აღებული ყოველდღიური თანხა იყო. მათი თქმით, მარნეულის მერმა შეხვედრაზე 10 მაისამდე მოცდა სთხოვა და უთხრა რომ, შესაძლოა, ამ რიცხვის შემდეგ გაირკვეს ზუსტი დრო.
„ჩვებ მძღოლებს ვუთხარით, რომ სხვადასხვა სამუშაო ადგილების გახსნის ეტაპობრივი გეგმა პრემიერ მინისტრს აქვს და ამ გეგმის მიხედვით გაიხსნება,” – თქვა ზაურ დარგალმა
N1 და N2 სამარშრუტო ტაქსების ხელმძღვანელი იური სამხარაძე ამბობს, ამ ეტაპზე, 24 მანქანა ჰყავთ გაჩერებული. ის ფიქრობს , რომ დაახლოებიით ორ კვირაში შეძლებენ ხაზზე გასვლას.
საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.
22 აპრილს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვდნენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.