კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევის გამო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა

671

შემდეგი სტატია

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი გუშინ, 26 აპრილს ჩაიკეტა. ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა თქვა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თეთრიწყაროს სოფლები არ ჩაიკეტება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოქცევის გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა კომისიამ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდვებს შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მაცხოვრებლებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. ასევე, რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.

თეთრიწყაროს მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოქცევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გამოვლინდა, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 15 კი სამედიცინო პერსონალია.

25 აპრილს თეთრიწყაროს სავადმყოფოს მუშაკს, 41 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.  დადასტურებული შემთხვევების გამო სავადმყოფო კარანტინზე დახურეს.

როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, ძირითადი შემთხვევები თეთრიწყაროს მუნიციპალურ ცენტრში დადასტურდა, ამიტომ ამ ეტაპისთვის მიიღეს გადაწყევტილება რომ მხოლოდ ცენტრი ჩაიკეტოს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.