თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულია მერიის თანამშრომელი, – ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
„ერთი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა და ეს არის მერიის თანამშრომელი. გუშინვე მერიის თანამშრომლის მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი. მერიის სხვა თანამშრომლებთან, ასევე ინფიცირებულის კონტაქტებთან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხია მოსული.
ინფიცირებულების ოჯახები არიან თვითიზოლაციაში და მკაცრ კარანტინში, 40-ზე მეტი ადამიანი არის მკაცრ მეთვალყურეობაში“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის 20 შემთხვევაა დადასტურებული.
თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი გუშინ, 26 აპრილს ჩაიკეტა. თეთრიწყაროს მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოქცევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გამოვლინდა, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევა იყო, საიდანაც 15 სამედიცინო პერსონალია.
25 აპრილს თეთრიწყაროს სავადმყოფოს მუშაკს, 41 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. დადასტურებული შემთხვევების გამო სავადმყოფო კარანტინზე დახურეს.
როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, ძირითადი შემთხვევები თეთრიწყაროს მუნიციპალურ ცენტრში დადასტურდა, ამიტომ ამ ეტაპისთვის მიიღეს გადაწყევტილება რომ მხოლოდ ცენტრი ჩაიკეტოს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.