გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში“ მიმდინარე ანგარიში მოისმინა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 482 000 ლარია და იგი მიმდინარე თვეში დასრულდება.
„პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 77 537ჰა ფართობზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდა; მომზადდა ტყის მართვის გეგმები. აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმებული იყო 26 ახალგაზრდა მეტყვე-ტაქსატორი. სატყეო სექტორში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში, ლაგოდეხის „საქმიანი ეზო“ მზის ენერგიის პანელებით აღიჭურვა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელის, ქეთი ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოში წლებია მრავალი მიმართულებით მუშაობს; ერთ-ერთია სწორედ ის მხარდაჭერა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით, ეროვნული სატყეო სააგენტო იღებს და რომელიც გულისხმობს ტყის ინვენტარიზაციას და ტყის მართვის გეგმების შემუშავებას. მხარდაჭერა ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მოლაპარაკების ფარგლებში ხორციელდება.
ანგარიშის განხილვას გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.