თეთრიწყაროს, ახალქალაქისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 33 665 ჰექტარ ფართობზე, ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა

381

მიმდინარე წლის სექტემბერში, თეთრიწყაროს, ახალქალაქისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 33 665 ჰექტარ ფართობზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა.

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ალგეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის მომზადდა ტყის მართვის გეგმები, რაც დაეხმარება სააგენტოს, განახორციელოს ტყის მდგრადი მართვა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, ჩატარდა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები, განხორციელდა ცალკეულ თანამშრომელთა სწავლება-გადამზადება, რათა მომავალში სააგენტომ დაცულ ტერიტორიებზე საკუთარი ძალებითა და შიდა ადამიანური რესურსებით განახორციელოს ტყის ინვენტარიზაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მოვლა-აღდგენა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვაა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციას.

ტყის ინვენტარიზაცია წარმოადგენს საფუძველს ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიების დასაგეგმად, ასევე, გვაძლევს სრულყოფილ ინფორმაციას ტყეში არსებული რესურსის შესახებ.

აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა EU/UNDP პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში. პროექტი 14 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დაცულ ტერიტორიებზე.