სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული განცხადებას ავრცელებს

428

წინა სტატია

“წალენჯიხის მერის დღევანდელი ბრიფინგი, ყველა წინა ბრიფინგის მსგავსად იყო მხოლოდ ზოგადი და არაფრისმთქმელი, ჩვენ კი ვართ საქმეზე ორიენტირებულები და იგივეს ვსთავაზობთ მასაც”,- ამის შესახებ სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა წალენჯიხის მერი ახლა ფახულანში უნდა იყოს, სადაც დილიდან სახელმწიფო რწმუნებული იმყოფება და აგვარებდეს უგზოოდ დარჩენილი მოქალაქეების პრობლემას, გია ხარჩილავა პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, თავად გიორგი გუგუჩია კი სტიქიიდან მეორე დღეს პრობლემურ ხიდს აღადგენს.

“ტყუილია მისი განცხადებები, რომ არ აქვს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა, წინა სტიქიის დროს წალენჯიხა იყო პირველი მუნიციპალიტეტი, რომელსაც დაუყონებლივ ჩაერიცხა თანხა. მოსახლეობას შევახსნებთ, რომ წალენჯიხის მერიამ მათი დაუდევრობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის განხორციელება საფრთხის ქვეშ დააყენა და რომ არა ცენტრალური ხელისუფლება და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, წალენჯიხელები ვერ ისარგებლებდნენ იმ სიკეთეებით, რასაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გულისხმობს”, – განაცხადა გუგუჩიამ.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე, მერების პირველ შეხვედრაზე პრემიერმა სხვა ქალაქების მერებთან ერთად წალენჯიხის მერიც მიიწვია, თუმცა, გია ხარჩილავამ “ფეისბუქით” განაცხადა, რომ შეხვედრაზე არ მოდიოდა.

“წალენჯიხაში ხორციელდება ყველა პროექტი, რასაც ხელისუფლება სხვა მუნიციპალიტეტებში ახორციელებს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტური მართვის შედეგია ის, რომ წალენჯიხა ბოლო ადგილზეა საქართველოს მაშტაბით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით გამოყოფილი თანხების ათვისებით. წალენჯიხის მერს შევახსენებ მათსავე საზეპირო ფრაზას – საქმე ლაპარაკის ნაცვლად!

რაც შეეხება ბატონი გიორგის კიდევ ერთ სიცრუეს, რომ სტიქიის დღეს მე წალენჯიხაში ვიმყოფებოდი მისივე სიტყვებით “არალეგიტიმურ პირთან” “ყოფილ გამგებელთან”, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ბესიკ ფარცვანია არის საკრებულოს წევრი და სწორედ საკრებულოს წევრებმა შეგვატყობინეს ჩვენ სტიქიის შესახებ. წალენჯიხის მერს სტიქიის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია. ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი და შედეგსაც ხედავთ, მისგან უყურადღებოდ მიტოვებულ მოსახლეობას საავტომობილო გზა უახლოეს საათებში ექნება”, – განაცხადა გუგუჩიამ.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს ხარჩილავას სახლის წინ პირადი ავტომობილი დაუწვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, ავტომობილი კი ექპსერტიზაზეა გადაყვანილი.