შალამბერიძე: იმერეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 69 000 000 ლარის ღირებულების პროექტების ნაწილი დასრულდა ნაწილი კი დასასრულს უახლოვდება

357

იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 40-მდე პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ევროკავშირის დაფინანსებით, თერჯოლაში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

,,მთლიანად იმერეთის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 69 000 000 ლარის ღირებულების პროექტების ნაწილი დასრულდა ნაწილი კი დასასრულს უახლოვდება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალება მოგვცა ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამამ. აქედან 5 000 000 ლარის პროექტები ხორციელდება თერჯოლაში და მინდა გამოვყო ერთი კონკრეტული-საგვარჯილეს პროექტი სოფელ ძევრში, რომელიც ძალიან საინტერესო ლოკაცია იყო აქამდე და რეაბილიტაციის შემდეგ, იქნება უფრო მეტად მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთვის და უცხოელი ტურისტებისთვის“ – ზვიად შალამბერიძე.

საპილოტე პროგრამის ეგიდით აღნიშნულ მუნიციპალიტეტში შენდება საბავშვო ბაღი, ასევე ეწყობა ტურისტული ლოკაცია, ამფითეატრი და რეკრეაციული სივრცეები.

გარდა ამისა, რეაბილიტაცია უტარდება ამფითეატრის მიმდებარე შენობებს. ეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და რედაქციის შენობის გარე ფასადები.

ასევე, სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტის მიზანია, ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგვარჯილეს მღვიმეების მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ტურისტულ ზონად გარდაქმნა, რაც სოფელს ახალ შესაძლებლობას შემატებს.

ევროკავშირის დაფინანსებით პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო.