შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით განისაზღვრა

305

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი იზრდება და 200 მილიონ ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, ბიუჯეტის ზრდის მიზანია, აგროწარმოებაში ჩართული ან დაინტერესებული პირებისთვის მეტი ფინანსური რესურსი იყოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე, აგროლიზინგის პროექტების საშუალებით.

“შეღავათიანი აგროკრედიტი” პროექტი სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამამუშავებელი და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებებით მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 2 მილიარდ ლარს აღემატება.

2013 წლიდან დღემდე, გაცემულია 4,7 მილიარდ ლარზე მეტი აგროსესხი.