ეროვნული სატყეო სააგენტოს ბიუჯეტი იზრდება

364

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბიუჯეტი 20 950.0 ათასი ლარით განისაზღვრა.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტი, 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 9.78 მლნ ლარითაა გაზრდილი.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წლისთვის სააგენტოს ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად მზარდი მაჩვენებელია.

გაზრდილი ბიუჯეტი სააგენტოს რეგიონული ოფისების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და საქმიანი ეზოების მოწყობის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ტექნიკის შესყიდვის დაფინანსებას ითვალისწინებს. 2023 წელს დაგეგმილია ხე-ტყის დასაწყობების „საქმიანი ეზოების“ მოწყობა და მათი ტექნიკით აღჭურვა საჩხერის, ონის, ცაგერის, ჭიათურის, ხარაგაულის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩხოროწყუს სატყეო უბნებში.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციითა და სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვა უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, GIZ ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ტყის მდგრადი მართვა – 8 სამიზნე სატყეო უბანზე“, რომლის თანადაფინანსებისთვისაც, ეროვნულ სატყეო სააგენტოს, 2023 წლის ბიუჯეტიდან გამოეყოფა 5 მლნ ლარი; აღნიშნული თანხა განკუთვნილია „საქმიანი ეზოების“ აღჭურვის, სატყეო-სამეურნეო გზების სპეციალური ტექნიკისა და ცეცხლმაქრი მოწყობილობების შეძენისთვის.

გაიზარდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების ბიუჯეტიც, რომელიც მოხმარდება ტყის აღდგენა-განახლების ღონისძიებების დაფინანსებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.