შიდა ქართლში 32 850 ჰექტარ ფართობზე დაცული ტერიტორია შეიქმნა

255

შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა. საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი დაამტკიცა, – ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს: ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი 10 986 ჰექტარით განისაზღვრა.

“ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება, მათ შორისაა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება დაცული ტერიტორიების, მათ შორის, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას. კანონპროექტი 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.