საქართველოს მელიორაციის 2023 წლის ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით განისაზღვრა

339

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაცია”, 2023 წელს, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მასშტაბებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

“საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, საქართველოს მელიორაციის 2023 წლის ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით განისაზღვრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამელიორაციო სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის დაფინანსება, გასული წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით, 11,1%-ით გაიზარდა და აღნიშნული თანხიდან, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას 40 მილიონი ლარი მოხმარდება, რაც 4 მილიონი ლარით მეტია ვიდრე 2022 წელს ამ მიმართულებით იყო გათვალისწინებული.

“სარწყავი და სადრენაჟე არხების ექსპლუატაცია/მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებზე 25 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტის თანხა ასევე მოიცავს არხების მოწესრიგებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენას, რისთვისაც 3.5 მილიონი ლარია განსაზღვრული.

ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ჯამში 44.9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებია გამოცხადებული, მათ შორის, “მშენებლობა განვადებით” პრინციპის გათვალისწინებით.

საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მელიორირებული ფართობები, რაც ფერმერებისთვის კიდევ უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას აჩენს.

წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვეყანაში 45 000 ჰექტრიდან (2012 წელი) 163 000 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14 000 (2012 წელი) ჰექტრიდან 43 500 ჰექტრამდეა გაზრდილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.