ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნა

429

ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი ნაწილობრივ კვირას, 12 აპრილს გაიხსნა. როგორც რადიო “ათინათს” შპს “სუპერმარკეტის” დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა უთხრა, ადგილზე მოვაჭრეებს შორის დაცული იყო დისტანცია, მუშაობის დაწყებამდე კი ყველა მათგანს სიცხე გაუზომეს.

“დაახლოებით 100-მდე ადამიანი მუშაობდა დღეს. მათ შორის დისტანცია დაცული იყო. სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელიც გვეხმარებოდა. თუ დარღვევები არ იქნება, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და შესაძლოა, კიდევ დაემატოს რამდენიმე სექცია, სადაც მოწესრიგდება დახლები – ყველგან მიეცემათ სასურსათო მიმართულებით მოვაჭრეებს მუშაობის საშუალება”, – ამბობს ბარძემაშვილი.

ზუგდიდის ბაზრის ნაწილობრივ გახსნის შესახებ, ქალაქის მერმა გიორგი შენგელიამ შაბათს  ისაუბრა.

მისი განცხადებით, მომდევნო დღეებში მუშაობას გააგრძელებენ შპს “სუპერმარკეტის” ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია. მერის თქმით, ადგილზე შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ამასთანავე, ქალაქის მერმა განმარტა, რომ პროდუქტის რეალიზებაში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად დაცულები იქნებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, კვირის დასაწყისში, ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი დაიხურა იქ არსებული ცუდი ჰიგიენური ნორმების და რეკომენდაციების დაუცველობის გამო. შესაბამისად, ერთი კვირის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტო, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან და ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართული, რათა მოწესრიგებულიყო ბაზარში არსებული სიტუაცია.

დღეის მდგომარეობით ძირითადი რეკომენდაციები, რაც იქნა გაცემული ბაზრის ადმინისტრაციისთვის, შესრულებულია და ცენტრალური სუპერმარკეტის ნაწილი ფუნქციონირებას განაახლებს. საუბარია მთავარ შენობაზე და იმ ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზება. აღნიშნული ტერიტორია დამუშავდა სპეციალური ხსნარით, ასევე სისტემატურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, დამონტაჟდა სხვადასხვა, დეზინფექციისთვის საჭირო საშუალებები, მოეწყო დეზობარიერები. პერსონალი, ვინც უშუალოდ პროდუქტის რეალიზებაშია ჩართული, იქნება მაქსიმალურად დაცული. მოქალაქეები ბაზრის ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით შევლენ. ბაზარში შევა მხოლოდ ის რაოდენობა მომხმარებლების, რა რაოდენობითაც შესაძლებელი იქნება დისტანცირების დაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება. სხვა მომხმარებლებს მოცდა ბაზრის მიღმა შეეძლებათ, რა თქმა უნდა, იქაც შესაბამისი დისტანციის დაცვით.

ბაზრის ფუნქციონირება მკაცრად გაკონტროლდება ჩვენი ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ისევ გავატაროთ მკაცრი ზომები“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

შეგახსენებთ, 6 აპრილიდან ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები დაიხურა, ასევე აკრძალულია ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობა.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აგრარული ბაზრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიხურა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა,  ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.