სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დარჩნენ სახლში, სახლიდან გასვლის დროს კი დაიცვან სოციალური დისტანცია.
მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტნში მოქალაქეთა გადაადგილება გახშირდა, რის გამოც იძულებული არიან, ბაზრის დახურვის საკითხი განიხილონ.
„ქალაქში მომრავლებულია ავტომობილები, ქუჩებში აღინიშნება ხალხმრავლობა, დაგვჭირდა პოლიციის სრული მობილიზება ბაზართან, სამწუხაროდ პოლიციას მოუწია ჯარიმების გამოწერაც! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ მოსახლეობას – დაიცვან დისტანცია. ჩვენ ბაზრის ნაწილობრივ ამუშავების გადაწყვეტილება მივიღეთ სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ჰქონოდა საშუალება, ბაზარში შეეძინათ პროდუქტები, მაგრამ სამწუხაროდ ის, რაც ხდება დღეს ბაზართან, ძალიან ცუდია, გვიწევს ისევ პოლიციის ძალების მობილიზება და ამ საქმეში მათი რესურსის დახარჯვა. ამ საკითხს განვიხილავთ პოლიციასთან ერთად, თუ პოლიცია ჩათვლის საჭიროდ, რომ სიტუაციის გაკონტროლება იქნება შეუძლებელი, ჩვენ მოგვიწევს ბაზრის დაკეტვა. მე ძალიან მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, გაითვალისწინონ იმ მეწარმეების მდგომარეობა, ვინც ბაზარში არიან დასაქმებულნი, მათაც უჭირთ. არადა საუბარია ელემენტარული 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე და მოწესრიგებულად ბაზარში შესვლაზე. ჩვენ ვერ გამოვიყენებთ პოლიციის სრულ რესურს ბაზრის გაკონტროლებაში, რადგან მათ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე უწევთ რეაგირების მოხდენა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ალექსანდრე მოწერელიამ.
სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის შესაძლო ჩაკეტვის საკითხზეც ისაუბრა.
“რაც შეეხება ქალაქის ჩაკეტვას – ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება და გამორიცხული არაფერი არ არის. ფაქტია, რომ არის ქალაქში ხალხმრავლობა და მოურიდებლობა. რაც შეეხება სასაფლაოებს – სასაფლაოები დაიკეტება იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მსგავსი ხალხმრავლობები და გადაადგილებები. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, სახელმწიფოს ინტერესი არ არის შეზღუდვები, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი მოქალაქე იქცევა უპასუხისმგებლოდ და მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში, ნუ შეუქმნიან პრობლემას სხვებს და საკუთარ თავს,“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მოწერელიას კომენტარს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აგრარული ბაზრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიხურა, თუმცა შემდეგ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ბაზრები ნაწილობრივ გახსნეს, მათ შორის ზუგდიდშიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.