მარნეულის მერია მიწის ნაკვეთების დახვნაში მხოლოდ სოციალურად დაუცველებს დაეხმარება

1094

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის ნაკვეთების დასახნავად მოსახლეობისათვის დახმარებებზე არ უმსჯელიათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტიდან ჩაკეტილია. შეჩერებულია ყველა სახის ბიზნეს ობიექტის მუშაობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მოსახლოების ნაწილმა შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მიწის ნაკვეთების დახვნაში მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება.

მერიის პროგრამა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებს მიწის ნაკვეთების დამუშავება შეუძლიათ, მუნიციპალიტეტში მესამე წელია მიმდინარეობს.

„პროგრამაში ჩართვის მსურველი ჩვენს სამსახურს „სუფთა მარნეულს“ უნდა დაუკავშირდეს და ისინი განახორციელებენ შემდგომ სამუშაოებს,“ – თქვა ლაშა ლობჯანიძემ

მარნეულის მერის მოადგილე ამბობს, რომ მერიაში პროგრამაში ჩართვის მსურველთა წრის გაფართოებაზე, ჯერ-ჯერობით, არ უმსჯელიათ.

სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებს მიწის ნაკვეთების დახვნაზე შეღავათს არ გაუკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტროც. სამინისტროს ცხელ ხაზზე რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ ამ დროისათვის მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების დასახნავად დახმარების პროგრამები არ არსებობს.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს  გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.