მარნეულში კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობაზე გადამზადებას 42 ოჯახის ექიმი გაივლის

855

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკაიძემ კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადება 18 მარტს გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შემდგომ 27 დღე გავიდა, მაგრამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოჯახის ექიმების ნაწილს კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობაზე გადამზადება ჯერ კიდევ არ გაუვლია. ამის სესახებ რადიო მარნეული წერს. 

„80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომლებსაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას,” – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 18 მარტს მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 42 ოჯახის ექიმია.

როგორც რადიო „მარნეულს“ ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობაზე ყველა მათგანს ტრენინგი ჯერ არ გაუვლია.

„ონლაინ ტრენინგები, საქართველოს მასშტაბით, სოფლის ექიმებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს. ტრენინგები ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს მარნეულშიც,“ – განაცხადეს  ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენმა ოჯახის ექიმმა გაიარა გადამზადება მარნეულში.

ონლაინ ტრენინგები ჯერ არ გაუვლია სოფელ ბაიდარისა და დოლისყანის ოჯახის ექიმს მაგამედ გასუმოვს.

„ჩემს ერთეულში 2 000 პაციენტია რეგისტრირებული. ახლა მარტო თერმოსკრინინგებს ვაკეთებთ. კორონავირუსის მსუბუქი ფორმების სახლში მკურნალობაზე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს, ალბად თუ საჭირო იყო სემინარების გავლა დამიკავშირდებიან და მეც გავივლი,“ – განაცხადა მაგამედ გასუმოვმა.

მარნეულის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შეთხვევაა ცნობილი.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს  გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.