“ნახევარი პროდუქტი გადავყარეთ”– მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ

1238

შემდეგი სტატია

ახალციხის ბაზრის დაკეტვას მოვაჭრეები აპროტესტებენ, მათი თქმით, გასაყიდად შეძენილი ხილ–ბოსტნეული უფუჭდებათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის ბაზარი გარევაჭრობა ორი კვირის წინ აიკრძალა, რამდენიმე დღეა დაკეტილია შიდა ტერიტორიაც. აქ მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობს.

მოაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის დაკეტვის გამო, რამდენიმე ასეული ლარის ზარალი ნახეს, რადგან ხილ–ბოსტნეულის გაყიდვა ვერ მოასწრეს, ამიტომ გადაყრა მოუწიათ.

„ნახევარზე მეტი უკვე გადავყარე. დანარჩენ პროდუქტსაც იგივე ელის. არავის არაფერი უთქვამს, მარტო გვითხრეს რომ აღარ შეგვეძლო ვაჭრობა. 26 წელია თავს ამით ვირჩენ. წავალ, დავჯდები სახლში, მაგარამ ამხელა პროდუქტი ფუჭდება, ამის გადაყრა შეიძლება?“ – გვითხრა ერთ–ერთმა მოვაჭრემ.

„ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, გვიკეთია პირბადე და ხელთათმანი, იქამდე მაინც გახსნან, სანამ დარჩენილ პროდუქტს ამოვყიდით, ჩვენც გყვავს ოჯახები და მათ რჩენა უნდათ“, – აცხადებენ მოვაჭრეები.

ახალციხის ბაზრის დირექტორი, ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, ნებართვას სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ელოდება. სეს-ში აცხადებენ, რომ დღის ბოლოს იმ ბაზრების სიას გამოაქვეყნებენ, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება ექნებათ. მათ შორისაა სავარაუდოდ ახალციხის ბაზარიც.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აგრარული ბაზრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიხურა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.