2023 წელს ახალციხის მერია 13 ახალ ავტობუსს იყიდის

353

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნის მიზნით, ახალციხეს 13 ახალი ავტობუსი ეყოლება. მერის განმარტებითვე, იგეგმება მოსწავლეებსა და სტუდენტებზე სპეციალური (ფასდაკლებული) ტარიფის შემუშავებაც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისას, კითხვაზე, როდესაც ახალციხის მუნიციპალიტეტში განახლებული და ორგანიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს, საიდან გამოიყოფა ფინანსები მისი თანამშრომლების და სხვა სახის ხარჯების ასანაზღაურებლად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ თანხები ადგილობრივი ბიუჯეტის დაკორექტირების შედეგად მობილიზდება.

„ჩვენ ამჟამად იმ ორგანიზაციის ბიუჯეტს ვერ გამოვიტანდით, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია. რა თქმა უნდა, იქნება პროექტირება, იმედია, ცენტრალურიდანაც შეიძლება იყოს (დახმარება)… ყოველ შემთხვევაში, ფინანსების მობილიზების რესურსი გვაქვს. 2023 წელს დაგეგმილი გვაქვს 13 ავტობუსის ყიდვა. ვფიქრობთ, რომ ალბათ ყველა სოფელს მოვიცავთ. თუ ყველა სოფელში ვერ შევალთ, ყოველდღიური მარშრუტზე 90%–იანი ათვისება აუცილებლად გვექნება. ის, რომ ტრანსპორტი ყველა სოფელში მივა, 100%–დან ასივე დაფარული იქნება აუცილებლად“,–აცხადებს ირაკლი ლაზარაშვილი.

ბიუჯეტის განხილვაზე, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო რუხაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დღემდე არარსებობის გამო, მოსახლეობის ნაწილის გამოწვევებზე ისაუბრა.

„სოფლად მაცხოვრებლები, განსაკუთრებით მოშორებით მყოფ სოფლებში, ფაქტობრივად ვერ ახერხებენ ქალაქში არსებულ საზოგადოებრივ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობას. ეს (საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა) იქნება ძალიან დიდი საქმე მათი ჩართულობისთვის, გააქტიურებისთვის და განვითარებისთვის როგორც ეკონომიკურად, ისე პროფესიულად“,–თქვა მან.

შეხვედრისას გაჟღერდა ინიციატივაც, რომ სანამ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს/მოსწავლეებს შეეძლოთ ფასდაკლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, რაზეც მერმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი უკვე ასუბსიდირებს ახალციხეში მოძრავ საქალაქო ტრანსპორტს. რაც შეეხება სოფლებიდან მოძრავ ავტობუსებს, იგი ამბობს, რომ არსებული სატრანსპორტო სისტემის პირობებში, მუნიციპალიტეტის მერია ვერ მოახდენს მგზავრებისთვის ტრანსპორტის ხარჯის რაიმე სახით დაფინანსებას.

„ვერანაირად. არის ძალიან ბევრი მსგავსი თხოვნა. ბევრი წერილიც შემოდის. მრჩეველთა საბჭოზეც დაისვა ეს საკითხი. ფიზიკურად ვერ აღვრიცხავთ ვის ვუწევთ სუბსიდიას. ფულს ხელზე ვერ მივცემთ. ერთი სუბსიდია კეთდება იმაზე, რომ 50%–იანი ფასდაკლება არის სადგურიდან საავადმყოფომდე მოძრავ ავტობუსზე. ახლა ვერ გავაკეთებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში კერძოში (ბიზნესის საქმიანობაში) უნდა შევიდეთ, ხელშეკრულებებში, ან ტექნოლოგიები შევიტანოთ იმ ტრანსპორტში. ეს ტექნოლოგიები საკმაოდ ძვირი იქნება. ჩვენ ამიტომ ვყიდულობთ და ვაარსებთ „მუნიციპალურ სატრანსპორტო ორგანიზაციას“, რომ ტექნოლოგიურადაც იყოს გამართული. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ტარიფები სპეციალური მიმართულებით. სპეც ტარიფები იქნება როგორც მოსწავლეებზე, ისე სტუდენტებზე და სხვა“,–განაცხადა ირაკლი ლაზარაშვილმა.

რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ავტობუსების შესაძენად და რამდენი გამოიყოფა ააიპ–ის ფუნქციონირებისთვის, ამ ეტაპზე უცნობია. დღემდე, ახალციხეში, მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტოსადგურიდან საავადმყოფოს მიმართულებით მოძრაობს. მოქალაქეები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ტრანსპორტი არ არის კომფორტული, არ ფარავს მთელს ქალაქს და არც მოძრაობის განრიგია მორგებული მოსახლეობის საჭიროებებს.

არსებული პრობლემის დღის წესრიგში დასაყენებლად, ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდის და სხვადასხვა მიმართულებით განრიგის დაწესების მოთხოვნით, საკრებულოში გასულ, 2021 წელს, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პეტიციაც შეიტანა. ორგანიზაციის სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის, თამუნა უჩიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პეტიცია საკრებულოს დღის წესრიგით არ განუხილავს, საკითხი დაკმაყოფილებულია, რადგან მუნიციპალიტეტმა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.