ახალციხის ბაზრის დირექტორის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სავაჭრო ცენტრში გუშინ, 13 აპრილს იმყოფებოდნენ. დღეს, 14 აპრილს გახდება ცნობილი გაიხსნება თუ არა ბაზარი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„გუშინ მოვიდნენ და შეამოწმეს, ველოდებით დღის ბოლომდე პასუხს, დადებითად შეგვაფასეს და დასკვნა თბილისში გაადაგზავნეს“, – ამბობს ვახტანგ ქართველიშვილი.
ახალციხის ბაზარი 30 მარტის შემდეგ ფაქტობრივად დაკეტილია, აკრძალულია გარევაჭრობა, შიდა სექციები კი დახურულია, სავაჭრო ცენტრში მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობს.
საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო, ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით დააჯარიმეს. მას შემდეგ დაიხურა ობიექტი, შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, თანამშრომლებს პირბადეეები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგდათ, შესასვლელებსა და გასასვლელებში დეზობარიერები გაკეთდა.
ახლა ბაზრის გახსნის ნებართვას, ადმინისტრაცია სურსათის უვნებლობის სამსახურისგან ელოდება. გუშინ, 13 აპრილს ბაზრის დაკეტვა გააპროტესტეს მოვაჭრეებმაც, მათი თქმით, გასაყიდად შეძენლი პროდუქტი უფუჭდებათ, ზარალი კი ასეულობით ლარია.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აგრარული ბაზრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიხურა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.