დღეიდან, 6 აპილიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი დაიხურა. ბაზრის ადმინისტრაციამ გუშინ ყველა მოვაჭრე გააფრთხილა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით გარკვეული პერიოდით ცენტრალური სუპერმარკეტი აღარ იმუშავებდა. მერიაში ამბობენ, რომ ბაზარი ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდეა დახურული.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას თქმით, აქ უსაფრთხოების ნორმების დაცვა ბაზარში ვერ მოხერხდა. ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.ჯერ კიდევ 3 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი გაერთიანებული შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ დაიხურებოდა მხოლოდ სენაკის ბაზარი, სადაც გაფრთხილების მიუხედავად, ვითარება არ გაუმჯობესებულა, ზუგდიდის დ ფოთის ბაზრებში კი უკეთესი მდგომარეობა ფიქსირდებოდა და ამიტომაც, ამ ეტაპზე მათ დახურვას არ გეგმავდნენ, თუმცა, 4 აპრილს სენაკის ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება. უკვე ერთ კვირაზე მეტია დახურული მარტვლის ბაზარი.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.