ზუგდიდში გარემოვაჭრეების ჯიხურების დემონტაჟის სამუშაოებს პროტესტი მოჰყვა

980

ზუგდიდში, გულუას პარკთან ხმაური იყო. მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო გარევაჭრობის ჯიხურების დემონტაჟი, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. 

საჭირო გახდა სამართალდამცველების ჩარევა.

მოვაჭრეების განცხადებით, მართალია, მერიამ ისინი დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა, თუმცა, გარკვეულ დროს ითხოვენ.

მოვაჭრეები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სესხით ნაყიდი მალფუჭებადი პროდუქტები აქვთ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ გარევაჭრობა ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია, მითუმეტეს, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საშიშროების წინაშე დგას.

ამასთან, მათ განმარტეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დეზინფექციას ვერ ახორციელებენ, რადგან მოვაჭრეები პროდუქტებს ადგილზე ტოვებენ.

შეგახსენებთ, 6 აპრილიდან ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები დაიხურა, ასევე აკრძალულია ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობა.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აგრარული ბაზრები ეტაპობრივად დაიხურა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.