მეზობლების ინფორმაცით, გლდანში კორონავირუსის გამო ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად კარანტინშია

648

გლდანში კორონავირუსის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად კრანტინშია. მეზობლების ინფორმაციით, კორპუსში სადაც დევნილები ცხოვრობენ, ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კორონავირუსი 35 წლის კაცსა და მის მშობლებს დაუდგინდათ. ანალიზები კაცის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილსაც აუღეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მეზობლების ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მათივე თქმით, ტერიტორია ამჟამად მკაცრად კონტროლდება. შენობაში 25 ოჯახი ცხოვრობს და ისინი შესაბამისი ღინისძიებების გატარებას ელოდებიან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.