ციხელაშვილი: არსებობს ალბათობა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იყოს ინფიცირების სხვა შემთხვევებიც, ჩვენი მზაობა ძალაშია, დავეხმაროთ იქ მყოფ მოსახლეობას

627

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ 19“-ით პირის ინფიცირების ფაქტს ადასტურებს.

მისი განცხადებით, დაინფიცირება მოსალოდნელი იყო და მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ადგილზე პრევენციის დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებენ.

ციხელაშვილი, საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა დასახმარებლად.

„ის, რომ შემთხვევა დადასტურდა აფხაზეთის რეგიონში, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი. ცხადია, როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ამის ალბათობა არსებობდა და არსებობს, რომ იყოს სხვა შემთხვევებიც.

ჩვენი მზაობა ძალაშია, ასევე გრძელდება მოქმედებები, რომელთაც ვატარებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ დავეხმაროთ იქ მოსახლეობას. ასევე, იმედი მაქვს, რომ ადგილზე მოხერხდება ყველა იმ პროტოკოლის დაცვა, რითაც ასეთ შემთხვევებში ცდილობენ, რომ შეაკავონ უკვე გავრცელება, დაადგინონ კლასტერი, კონტაქტები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო.

გალის სოფელ საბერიოდან შემოყვანილ ქალს, რომელიც დეფაქტო რესპუბლიკაში რუსეთიდან ჩავიდა, კორონავირუსი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 46 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.