უახლოეს მომავალში, შესაბამისი სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე, ზარდიაანთკარში 28 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა.
“განსაკუთრებით მინდა გამოვყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გასულ წელს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად იმ დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის თაობაზე, რომელთა მფლობელებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ და უზრუნველყოფილ იყვნენ დროებითი საცხოვრებლით. ამ მიმართულებით, წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა მუშაობა და მომზადდა თითოეული სახლის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ექსპერტული დასკვნები, სარეაბილიტაციო პროექტები და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 1 800 000 ლარი. უახლოეს მომავალში, შესაბამისი სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე, დაიწყება 28 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – განაცხადა მინისტრმა.