განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანთლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელება.
„ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. მოგეხსენებათ, 2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანა-თავმჯდომარეობით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანთლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელება. 2022 წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საერთო ღირებულებამ 85 მლნ. ლარს მიაღწია. ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის შედეგად: გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-ზე მეტი ოჯახი; სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 6 სკოლისა და 8 საბავშვო ბაღისთვის. 2021-22 სასწავლო წლისთვის სახელმწიფომ 2400-მდე სტუდენტს დაუფინანსა უმაღლესი განათლება, რისთვისაც გამოიყო 5 მილიონი ლარი. არსებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების და უკეთ ორგანიზების მიზნით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, პარტნიორ უწყებებთან ერთად კომისიამ დაამტკიცა კონკრეტული ცვლილებების გეგმა და წელს პირველად სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაფინანსების მისაღებად რეგისტრაცია გაევლოთ ელექტრონულად, სპეციალურად შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, რაც გაზრდის პროცესების მართვის ეფექტიანობას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდებისა და ქალების როლის გაძლიერებასთან დაკავშრებით და აღნიშნა, რომ სამინისტრომ მიზნად დაისახა ახალგაზრდების წახალისება და ხელშეწყობა, რათა საქართველოში მშვიდობის მშენებლობის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას, ვინაიდან გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდები სწორედ ის თაობაა, რომელმაც ერთად უნდა მიიღოს მონაწილეობა მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში. ამ მიზნით, წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პირველად დანერგა და აამოქმედა ინიციატივა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის”, რომლის ფარგლებშიც საკონკურსო წესით გამოვლენილი გამარჯვებული 3000 ლარით დაჯილდოვდა. ეს ინიციატივა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება; გარდა ამისა, სამშვიდობო პროცესზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით გავმართეთ არაერთი შეხვედრა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან. აღსანიშნავია, რომ შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად მიზნად დავისახეთ ახალგაზრდების მეტად წახალისება და ხელშეწყობა, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოში მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
აქტიურად გრძელდებოდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება სამშვიდობო პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით, რაც ასევე ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენს პარტნიორთან – საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გაიმართა არაერთი შეხვედრა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მიმდინარეობის თაობაზე. გარდა ამისა, გამყოფი ხაზის სოფლებში შედგა საინფორმაციო სესიები ოჯახში ძალადობის საკითხზე და სახელმწიფო სერვისების შესახებ, ასევე, ჩატარდა სასწავლო ტრენინგები ქალთა მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების თაობაზე“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.