ახვლედიანი: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლება ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

321

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლება პოლიტიკის პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ენის ცოდნა კვლავ გამოწვევად რჩება არაქართულენოვანი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის.

„სახელმწიფო ენა ინტეგრაციისთვის – პოლიტიკის პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება განიხილება, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, სრულფასოვანი სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის, სხვადასხვა ეთნოსებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფის და კულტურის გაზიარების წინაპირობა.

როგორც მოგეხსენებათ, მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული თვალსაჩინო პროგრესისა, სახელმწიფო ენის ცოდნა კვლავ გამოწვევად რჩება არაქართულენოვანი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, რომლის დასაძლევად, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით დავიწყეთ კომპლექსური ღონისძიებების გატარება ქართული ენის პოპულარიზაციისა და სწავლების ხარისხის ამაღლების, ისევე როგორც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რაც ასევე ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. კერძოდ: სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მეთოდით, ახლა უკვე 15 საბავშვო ბაღსა და 41 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, რომლის შედეგების შეფასების საფუძველზე დაგეგმილია პროგრამის შესაძლებლობების განვითარება და განხორციელების არეალის შემდგომი გაფართოება. საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით აღსანიშნავია, რომ ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა ადგილობრივი და ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების გადამზადების პროცესი. მაღალკვალიფიციური კადრების არსებული დეფიციტის დასაძლევად მუნიციპალიტეტებში, მიმდინარე წელს მივლინებულია 207 ქართულენოვანი მასწავლებელი. დამატებით, მასწავლებელთა ენის კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების მიზნით, ქართულ ენაში გადამზადდა სხვადასხვა საგნის და პროგრამის 4000-მდე მასწავლებელი, ისევე როგორც ქართულის, როგორც მეორე ენის 518 მასწავლებელი.

არაქართულენოვანი სკოლების პირველ-მეცხრე კლასებში ეტაპობრივად დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და განხორციელდა სკოლების უზრუნველყოფა განახლებული სახელმძღვანელობით ყველა საგანში, რომლებიც აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა თარგმნილი; საშუალო საფეხურზე პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება შემდეგ წლებში.

სახელმწიფო ენის სწავლებისკენ მიმართული ძალისხმევის პარალელურად სრულად რეალიზებული და დაცულია ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლება, როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე მოქმედ 296 არაქართულენოვან სკოლასა და სექტორზე. ამავდროულად, ხელს ვუწყობთ მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების ენების – ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური – სწავლებას, რაც ჩვენს ქვეყანაში დანერგილ სხვა მრავალ მიდგომასთან ერთად, საერთაშორისო შეფასებებში აღიარებულია როგორც ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ერთ-ერთი უნიკალური მექანიზმი.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის და სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სამივე რეგიონში 2021-22 წლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტების ფარგლებში, განხორციელდა რამდენიმე ათეული სკოლის და საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა – ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი საბავშვო ბაღის და 800-ზე მეტი სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს როგორც ეთნიკური უმცირესობების სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურის სრულყოფის კუთხით.

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არაქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქართულ ენაში მომზადების კურსის დანერგვის შედეგად, რომლის ფარგლებშიც პროფესიის შეძენის ინტერესი 1000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოხატა; წელს კი, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა 263-ია. ამასთან, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონების შერჩეული საჯარო სკოლების ბაზაზე „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების” ამოქმედებამ შექმნა საცხოვრებელ ადგილზე პროფესიული განათლების მიღება/გადამზადების დამატებითი, უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის.

უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოქმედ „1+4 პროგრამაში”, წელს 1400-მდე სტუდენტი ჩაერთო. მიმდინარე საჭიროებებთან შესაბამისობაში უკეთ მოყვანის მიზნით მიმდინარეობს პროგრამის განვითარებაზე მუშაობა. ამასთან, აღსანიშნავი და მისასალმებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა შედეგები, რაც სკოლის დონეზე სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესების პოზიტიურ დინამიკაზე მეტყველებს.

ზრდასრული მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს კვლავ ქმნიდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაც, რომელიც ნებისმიერ მსურველს სახელმწიფო დაფინანსებით სთავაზობს შესაბამის პროგრამებს როგორც მის 12 ცენტრში, ასევე საჯარო ორგანიზაციებში, სამხედრო სამსახურსა და რელიგიურ დაწესებულებებში, მობილური ჯგუფების, დისტანციური თუ ჰიბრიდული სწავლების ფორმებით. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 5000-მდე პირმა გაიუმჯობესა ქართული ენის ცოდნის დონე; ამასთან, „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის” ფარგლებში 200-მდე საჯარო მოხელე გადამზადდა, რომლებმაც სახელმწიფო ენის კომპეტენციასთან ერთად, განავითარეს თავიანთი პროფესიული უნარებიც.

ქართული ენის პოპულარიზაციას და შესწავლის მოტივაციის გაზრდას ემსახურებოდა შესაბამისი უწყებების მხრიდან რეგიონებში განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობის თაობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ენის შესწავლის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

წარმატებით გრძელდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ „1+4 პროგრამის” სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სექტორში სტაჟირების სპეციალური პროგრამა, ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარების, საჯარო სფეროში მუშაობის გამოცდილების შეძენისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით.

პოლიტიკის ფარგლებში წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევის და ამოქმედებული უნიკალური საგანმანათლებლო მექანიზმების, ისევე როგორც საშეღავათო პროგრამების შედეგია ათასობით ორენოვანი ახალგაზრდის წარმატება, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ენის ფლობასა და პროფესიის შეძენასთან, რაც განაპირობებს მათ მაღალ მზაობასა და მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ძალისხმევა რა თქმა უნდა გრძელდება, ამ მიმართულებით ბევრად მასშტაბური შედეგების მიღწევის მიზნით, რაც დაეფუძნება არსებულ საჭიროებებს და მათი გადაჭრისთვის კომპლექსურ მიდგომას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.