საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რეგიონებისთვის 250 ავტობუსს და ნაგავმზიდს შეიძენს, რომელიც მუნიციპალიტეტებს გადაეცემა.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა და რეგიონებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„რეგიონებში სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ. მიმდინარეობს, გზების გაყვანა, წყლის პროექტების განხორციელება, ურბანული განახლების პროგრამა. ახლა გვინდა დავიწყოთ გამწვანების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტებში და აუცილებელი არის ტრანსპორტის მოგვარება. ამის თაობაზე რეგიონების კურატორს, ბატონ ლერის დავავალე და მან ეს საკითხი დაამუშავა. 250 ერთეულ ავტობუსებს და ნაგავმზიდებს შევიძენთ რეგიონებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის და მათ გადაეცემათ აღნიშნული ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდები, რომლებიც მოძველებული იყო ბოლო წლების განმავლობაში. რეგიონებში უნდა გაგრძელდეს ამ სიკეთეების და პროგრესის შეტანა,“ – განაცხადა პრემიერმა.