საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა მზაობა, რომ სრულად გაუწევს დახმარებას საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას.
„როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები, ჩვენ დავეხმარებით ყველას, როგორც სამედიცინო მომსახურებით, ისე ყველა იმ საშუალებით, რომელსაც დღეს საქართველოს სახელმწიფო უწევს თავის მოქალაქეებს“. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ, ყველა შესაბამისმა უწყებამ, უკვე გადადგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მომავალშიც გეგმავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარული დახმარება,” – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მაქსიმალურად შეძლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სათანადო ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.
„ვფიქრობთ, რომ შექმნილ ვითარებაში, ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია წარმოადგენს კერძო ინდივიდების პოლიტიკური დღის წესრიგის ლობირების მცდელობას, რაც არ ასახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესსა და საჭიროებებს.
ჩვენ მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს, არ მოახდინონ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი რთული გამოწვევების პირობებში,” – განაცხადა დარსალიამ.
ლაშა დარსალიას განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
28 მატს, კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს.
წინა დღით, 27 მარტს, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება.
კარანტინია გამოცხადებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 13 აპრილამდე. კარანტინის წესების დარღვევაზე კი ჯარიმაა შემოღებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.