საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბიჭვინთაში მიმდინარე მოვლენებს დღეს პირველად გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ თემაზე “ზედმეტი აჟიოტაჟი” არ უნდა ავტეხოთ. მან ამ საკითხზე საუბრისასაც ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ წინა ხელისუფლების “უგუნური პოლიტიკის” შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
“მინდა შეგახსენოთ ყველას, არა თუ მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი ჩვენ პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ, მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ ჩვენ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და ასზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით, ქალბატონო ემა, ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენ ქვეყანას გავაერთიანებთ”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, მოსკოვში აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და 115 ჰექტარი საზღვაო სივრცე რუსეთის მფლობელობაში გადადის.