ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, კარანტინის წესების დარღვევისთვის, ჯარიმა შემოიღეს

525

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობამ 100-დან 20 000 რუსულ რუბლამდე ჯარიმა დააწესა კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ გამოცხადებული კარანტინის დარღვევისთვის. რეჟიმის დაცვის გაკონტრლება დეფაქტო შსს-ს დაავალეს.

ოკუპირებულ რეგიონში 13 აპრილამდე გამოცხადებული კარანტინი მუშაობას უკრძალავს სავაჭრო ობიექტებს სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, გასართობ და სპორტულ დაწესებულებებს, რესტორნებს, კაფეებს, სასტუმროებს და სილამაზის სალონებს. დაკეტილია სკოლები. დეფაქტო ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობისგან მაქსიმალურ თვითიზოლაციასაც მოითხოვს.

კარანტინის წესების დარღვევისთვის „რიგითი მოქალაქეები“ 100-დან 500 რუბლამდე თანხით ჯარიმდებიან, „თანამდებობის პირები“ 500-დან 1000 რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირები 10 000-დან 20 000 რუბლამდე.

ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობა ირწმუნება, რომ, ჯერჯერობით, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. მისივე ინფორმაციით, ტესტირების საშუალებები რუსეთიდან მიიღეს.

2020 წლის 28 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კარანტინი გამოცხადდა.

კორონავისუსის გამო ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთშიც გამოცხადდა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

31 მარტიდან პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, თელავისა და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

პირს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

ამოქმედდა ცხელი ხაზი – 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.