ენგურის ე.წ. საგუშაგოზე Duty Free-ს მაღაზია გაიხსნება

497

სამეგრელო – აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ე.წ. საკონტროლო – გამშვებ პუნქტთან უბაჟო ვაჭრობის მაღაზია Duty Free-ს მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას რადიო ათინათი აფხაზურ “ნუჟნაია გაზეტაზე” დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აშენების ნებართვა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის “პრემიერმინისტრმა” ალექსანდრე ანქვაბმა 2021 წლის 31 აგვისტოს გასცა. გამოცემა წერს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Apsny Duty-ს ე.წ “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან” შეთანხმების შემდეგ ეძლევა ნებართვა გამოიყენოს “ენგურის საგუშაგოს ფარგლებში არსებული ტერიტორია” უბაჟო მაღაზიის მოსაწყობად.

სტატიის თანახმად, მაღაზია ხიდის წინ, მარჯვნივ, აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ გამსვლელების გზაზეა, თუმცა, აფხაზეთში შემსვლელები ვერ შეძლებენ მაღაზიით სარგებლობას, რადგან მათ ბადე ეღობებათ და გზას უკეტავს.