საქართველოს მოქალაქის დაკავება ოკუპირებულ აფხაზეთში – სუს-ი განცხადებას ავრცელებს

417

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, რომ მომხდარზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ასევე, სუს-ის ინფორმაციით, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

“ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს”, – წერია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ქრისტინე თაკალანძე დააკავეს. აფხაზური მხარის მტკიცებით, ის ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ჯაშუშის” დაკავების ვიდეოც გამოაქვეყნა. ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო უწყება ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე ქართული დაზვერვის დავალებით აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას. ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს, 25 ივლისს კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ვიდეოში, რომელიც აფხაზურმა “უწყებამ” გაავრცელა, ჩანს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი, ასევე, სხავდასხვაა ქართული აფთიაქების ფასდაკლების ბარათები, ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტები სხვადასხვა ფურცლის ნაგლეჯებზე.