ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს

952

კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები წერენ.

კომენდანტის საათი ღამის 12 სააათიდან დილის 6-საათამდე იმოქმედებს.

ბრძანება 28 მარტით თარიღდება.

წინა დღით, 27 მარტს, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება.

ასევე ჩაკეტილია ე.წ. გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე. რუსეთთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი „ფსოუ“ თავდაპირველად ღია დატოვეს, თუმცა 28 მარტს რუსეთთანაც ჩაიკეტა საზღვარი.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.