დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შესაძლოა, 1-10 ივლისს ე.წ გამშვები პუნქტები გაიხსნას. როგორც გამოცემა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, ამის შესახებ ახალგორის რაიონის მოსახლეობას ინფორმაცია არაოფიციალურად აცნობეს.
როგორც ცნობილია, ე.წ გამშვები პუნქტები 2022 წლის 10-17 ივნისსაც გაიხსნა. ამ გადაწყვეტილებას დეფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პოლიტიკას უკავშირებენ.
ალან გაგლოევი მოსახლეობას, განსაკუთრებით, ახალგორელებს დაპირდა, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ამიტომაც, ახალგორელების უმრავლესობამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მხარი ალან გაგლოევს დაუჭირა.
ე.წ გამშვები პუნქტები გაიხსნება პერევის მიმართულებითაც. ის დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა წნელისის საგუშაგოს გამო ჩაკეტა.