4 და 5 აპრილს ახალციხის ბაზარი დაიკეტება

561

შაბათ-კვირას ქალაქ ახალციხეში ბაზარი დაიკეტება. ორი დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, შეზღუდვა მხოლოდ ორი დღის განმავლობში გაგრძელდება – „შაბათ-კვირას იკეტება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მთლიანი ტერიტორია და ორშაბათიდან ისევ გაიხსნებაა “, – გვითხრა ახალციხის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა.

მისივე თქმით, ამის შესახებ მოსახლეობას სოფლის რწმუნებულები აფრთხილებენ.

გასულ კვირას, 30 მარტს, ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით დაჯარიმდა, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, აქ ხალხმრავლობა იყო.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

პირს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

ამოქმედდა ცხელი ხაზი – 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.