მთავრობის ცხელი ხაზი შეიქმნება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხის თაობაზე კოორდინაციას გაუწევს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ცხელ ხაზზე ასევე, მომსახურებას გაუწევენ იმ საწარმოებსა და სპეციალურ დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
„შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ერთ კვირაში ან ორ კვირაში, ამიტომ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომელთაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომელთაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს – სტრატეგიულ მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი ცხადდება.
კარანტინის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება იკრძალრბა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.