მარნეულის მაღალმთიან სოფელში გაზი არ არის, შეშის მოსაპოვებლად შეღავათი კი სახელმწიფომ არ გაითვალისწინა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სადახლოდან სოფელ ახკერპისკენ (სომხეთის საზღვარი) ცხრა სოფელია, რომელთაგან ექვსს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს. ამ სოფლების მცხოვრებლებს წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე შეშის ვაუჩერი ეძლევათ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვაუჩერით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები შეშის მოტანის უფლებას აძლევენ პრინციპით „ყველას რომ ეყოს“.
მოსახლეობა ამბობს, რომ დიდ ნაწილს შეშა გაუთავდა, ახლის მოტანის ნებართვა კი არ აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოჯახს მთავრობის მიერ გამოყოფილი შეშის მარაგი ამოეწურა გათბობის ერთადერთი საშუალება კანონდარღვევაა.
„ვისაც ცხენი, ან ვირი ჰყავს ტყეში მიდის და შეშის ნარჩენებს აგროვებს. თან ჩვენი ტყეები არც ისე დიდია. მთის ერთი მხარე საქართველოს ტერიტორიაა, ხოლო მეორე სომხეთის, ასე რომ მესაზღვრეებიც ხშირად მოძრაობენ,“ – ამბობს ანნა ტანდარიანი.
დღემდე სოფელ ახკერპის მოსახლეობა სახლის გასათბობად ან თუნდაც საჭმლის გასაკეთებლად შეშის ღუმელს იყენებს.
სახელმწიფო ელექტრო-ენერგიაზე სამთვიანი შეღავათი გააკეთა. ამ ფაქტით ადგილობრივების უმეტესობა კმაყოფილია, რადგან სოფელში, სადაც დენზე მომუშავე ბევრ ტექნიკას არ იყენებენ, 200 კილოვატზე მეტ ელექტროენეგიას ვერ დახარჯავენ. მთავრობამ შეღავათები დააწესა ბუნებრივ აირზეც, მაგრამ ეს ახკერპელებს არ ეხებათ, სოფელში გაზი არაა.
„გაზი არ გვაქვს, შეშა კი დაგვიმთავდა. ჯერ ცივა, სახლში ორ ღუმელს ვანთებთ“, – ამბობს სოფელ ახკერპის ერთ-ერთი მცხოვრები.
ამასთან, ხოჯორნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელი არსენ ახვერდიანი აცხადებს, რომ შეშის ვაუჩერის გამოწერა რთული პროცედურაა და აჯობებს, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი უფრო მეტად აუნაზღაურონ, ვიდრე რესურსები შეშის ვაუჩერების გამოწერაში დახარჯონ.
„ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში 10-15% 200 კილოვატზე მეტ ელექტროენეგიას ხარჯავს, ამ ხალხთან მიმართებაში ცუდია რომ ვერ მიიღებენ ანაზღაურებას“, – თქვა ახვერდიანმა.
როგორც რადიო „მარნეულის“ მარნეულის მერიის ცხელ ხაზზე დარეკვისას უთხრეს, ამ ეტაპზე მაღალმთიანი სოფლებისათვის დამატებითი დახმარების პროგრამებზე არ უმსჯელიათ.
მარნეულის საკარანტინო შტაბის ხელმძღანელის სოზარ სუბარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ მაღალმთიანი სოფლებისათვის შეშით დახმარება არ იგეგმება, რადგან სამინისტრო ამ ეტაპზე საგაზაფხულო სამუშაოებზეა ორიენტირებული. რაც შეეხება დახმარებებს, რომელსაც მარნეულის მერია გასცემს, ის ახკერპელებზეც ისევე გავრცელდება, როგორც დანარჩენ მარნეულელებზე.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.
ასევე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.