მარნეულის სოფლად მცხოვრები მოხუცები პენსიებს ვეღარ იღებენ

773

მარნეულის სოფლებში მცხოვრები პენსიონერები საარსებო წყაროს გარეშე რჩებიან. მათ პენსიის ასაღებად ქალაქში ჩასვლის შესაძლებლობა არ აქვთ. მანქანები კი, რომლებსაც მოხუცებისთვის პენსია სოფლებში მიჰქონდა, „ლიბერთი ბანკმა“ მუნიციპალიტეტიდან 23 მარტს გაიყვანა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

ამჟამად მარნეულელ მოხუცებს პენსიის აღება მხოლოდ ქალაქში არსებული „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, პენსიის გარეშე ისინიც დარჩნენ, ვისაც ქალაქში ჩამოსვლა ფიზიკურად შეეძლო.

„ამ თვის პენსია ჯერ არ ამიღია. არ ვიცი, მთავრობა გაგვიშვებს რომ ავიღოთ პენსია? რა ვიცი რამენაირად ავიღებთ, საჭიროება გვაქვს, მაგრამ როგორ წავიდეთ ორი ადამიანი ერთად, თუ აჯარიმებენ“.

„მანქანა არ მოდის სოფელში, ჩვენ როგორ წავიდეთ მა“რნეულში, როგორ იქნება ჩვენი საქმე?“

„პენსია ჯერ არ ამიღია, მარშრუტკები არ არის, რომ წავიდეთ“.

„მე კი წავედი და ავიღე პენსია, მაგრამ რას გვეყოფა? პროდუქტი არ არის, სამსახური არ არის. ვზივართ ასე სახლში“.

„მანქანა აღარ მოვა, ხო? მოხუცი ქალი ვარ, არ ვიცი, თუ არ მოვა მანქანა, რამე უნდა მოვიფიქროთ და წავიდე მარნეულში პენსიის ასაღებად“, – სოფელ ქუთლიარში მცხოვრებმა პენსიონერებმა თავიანთი გასაჭირი რადიო „მარნეულს გაუზიარეს“.

ლიბერთი ბანკის თანამშრომელი თენგო სვანიძე გვეუბნება, რომ კომპანიამ მუნიციპალიტეტში მომუშავე ოთხი მანქანა, მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ, თბილისში გადაიყვანა. მთავრობის მიერ მიღებული ახალი რეგულაცით კი, ერთი მანქანით სამზე მეტი პირის გადაადგილება აკრძალულია. „ლიბერთი ბანკი“ ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა კომპანიის წარმომადგენლებმა კვლავ შეძლონ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობამდე პენსიების მიტანა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.