მარნეულის მოსახლეობას დილიდან ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები ამოწმებენ

1106

მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ეთერ ლაფერაძის თქმით, მარნეულის მოსახლეობას დილიდან ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები ინტენსიურად ამოწმებენ.

“დილის 9 საათიდან მობილური ჯგუფები, ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები გავიდნენ მოსახლეობაში და ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება. გუშინ კორონავირისით ინფიცირებულ ქალთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები გადამოწმდნენ და მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა მცირე ტემპერატურა, ის თვითიზოლაციაში რჩება და მედიკოსების მხრიდან ინტენსიური მონიტორინგის ქვეშ იქნება. რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაობს, აქამდეც ტარდებოდა მარნეულში, მაგრამ დღეიდან უფრო მასშტაბური სამუშაოები დაიწყება. ჩვენ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერად ვრეაგირებთ. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ამ ვითარებაში ვაძლევთ მათ“, – განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და გახსნილია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო. ასევე, შინაგან საქმეთა და თავდაცვისის სამინისტროს მიერ კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. მარნეულის ტერიტორიაზე მოძრაობს ავტომობილები, საიდანაც ხმოვანი შეტყობინებით მოსახლეობას სამ ენაზე აწვდიან ინფორმაციას მოქმედი კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ. ამასთანავე, მოხალისეები აქტიურად აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიას მოსახლეობაში და დეტალურ ინფორმაციას აწვდიან კორონავირუსის შესახებ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 66 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 9 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.